ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
მთის მდგრადი განვითარება

მთის მდგრადი განვითარება

მთის მდგრადი განვითარება

როგორ რეაგირებენ მთიანი რეგიონები კლიმატის ცვლილებაზე ან მიგრაციაზე? სწორედ ასეთი გამოწვევების, განვითარების ტენდენციების, ზემოქმედებისა და მათი გადაჭრის შესაძლო გზების შესახებ შეიქმნა ტრანსნაციონალური სასწავლო კურსი „მთის მდგრადი განვითარება", რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში ტარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ციურიხის უნივერსიტეტში.

კურსის მთავარი ინსპირაცია არის სტუდენტებმა ფართო კონცეპტუალური და კვლევაზე დაფუძნებული ცოდნის გამოყენებით, შეისწავლონ მთის მდგრადი განვითარების კანონზომიერებები და თავისებურებები ალპებისა და კავკასიის მთიანი რეგიონების მაგალითზე. კურსი პირველად ჩატარდა 2022 წლის შემოდგომაზე და ამ პერიოდიდან, ყოველ შემოდგომის სემესტრში ღიაა ორივე უნივერსიტეტის გეოგრაფიის პროგრამების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. ლექციები და სემინარები ერთდროულად ტარდება ონლაინ, ციურიხსა და თბილისში.

კურსი უზრუნველყოფს უნიკალურ გარემოს, სადაც სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა შეისწავლონ მთიანი რეგიონების შესახებ წარმოებული დისკურსები და არსებულ გამოწვევებზე რეაგირების გზები (მაგ., როგორიცაა კლიმატის ცვლილება და მიგრაცია). ასევე, გაიაზრონ ტურიზმის განვითარების პერსპექტივები, ეკონომიკური კავშირები და გამოწვეული ცვლილებები მთის საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ სტრუქტურაში. გარდა ამისა, გააცნობიერონ დაცული ტერიტორიების შექმნასა და მართვასთან დაკავშირებული შესაძლებლობები და გამოწვევები; გაეცნონ ბუნების დაცვისა და ლანდშაფტის კვლევის თანამედროვე მიდგომებს.

ჩვენ გვსურს სტუდენტებს საშუალება მივცეთ ჩამოაყალიბონ საერთაშორისო კავშირები და ჩაერთონ გლობალური გამოწვევების გადაჭრაში საერთაშორისო გარემოში.